logo
ENG



ჯინ შაჰინი: გავაგრძელებ გახარიასთვის მოთხოვნას, დარჩნენ საკუთარი ვალდებულებების ერთგული

05 თებ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ვაშინგტონი „ქართული ოცნების“ განმარტებების შემდეგ ტონს არ ცვლის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიასთან დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულოს. გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგაც აცხადებენ იმას, რაც გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილშია ხაზგასმული. დავით ზალკალიანი შეეცადა, პარტნიორების დარწმუნებას, რომ ქვეყანას დემოკრატიის მხრივ პრობლემები არ აქვს, თუმცა სენატორები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, საარჩევნო რეფორმის წინსვლისთვის და სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემად ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს.

სენატში დახურულ კარს მიღმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კრიტიკული წერილის ავტორებისგან კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ ვაშინგტონი საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო შეშფოთებულია. შეხვედრაზე ყველა ის ფაქტი განიხილეს, რომელთა შესახებაც ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ კრიტიკულ წერილში საუბრობდნენ. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სენატორებმა ნაკისრი ვალდებულებების და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულება საქართველოს მთავრობას წერილობით განცხადებებშიც მოსთხოვეს.

„მოხარული ვიყავი, შევხვედროდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და მქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე მესაუბრა. კერძოდ, დემოკრატიის მიმართ საქართველოს ვალდებულებაზე და კარგ მმართველობაზე. მე და სენატორ რიშს, დემოკრატიისკენ საქართველოს მშვიდობიანი გადასვლის მიმართ გამორჩეული ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ უცხოელი დამკვირვებლების სტატუსით ვმონაწილეობდით 2012 წლის ისტორიულ არჩევნებში და მათმა პროგრესმა გაგვამხნევა. როგორც მანამდე აღვნიშნე, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო რუსეთის მიერ შექმნილი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას.  მე გავაგრძელებ პრემიერ მინისტრ გახარიასთვის და საქართველოს მთავრობისთვის დაბეჯითებით მოთხოვნას, დარჩნენ მტკიცედ ერთგული საკუთარი ვალდებულებების მიმართ, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, დაპირებული საარჩევნო რეფორმის წინსვლისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პატივსაცემად“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

დავით ზალკალიანის შეხვედრა სენატის საგარეო კომიტეტში, გიორგი გახარიას სახელზე ჯინ შაჰინისა და ჯეიმს რიშის უმწვავესი წერილის გამოგზავნიდან რამდენიმე დღეში დაიგეგმა. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დეტალურად გააცნო პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესები.  

ამერიკელი სენატორები კრიტიკულ წერილში შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების გამოც, სადაც ის ოპოზიციის ლიდერების ციხეებში გაგზავნით იმუქრებოდა. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სენატორებს მასთან „ქართული ოცნების“ ლიდერის შესახებ არ უსაუბრიათ. 

დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა მარშალის ფონდშიც. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ 2020 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რადგან ის იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების განმსაზღვრელი 

ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის არიან, რომლებმაც პრემიერ გახარიას კრიტიკული წერილები გაუგზავნეს. კაპიტოლიუმში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყანაში დემოკრატიას ასუსტებს.


close დახურვა